logo
ENG



"განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე" - დეგნანი პაპუაშვილს შეხვდა

07 აპრ 202315:50
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, განიხილეს სხვადასხვა საკითხები, რაზეც საქართველო და აშშ თანამშრომლობენ.

დეგნანის თქმით, პაპუაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა დამატებით ნაბიჯებზე, მათ შორის, "რით უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი რეფორმები".

"ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა, რადგანაც განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რაზეც ვთანამშრომლობთ. გვქონდა საუბარი დამატებით ნაბიჯებზე, რა უნდა გადაიდგას და რით უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმა, იმიტომ რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმა, ასევე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველო შეძლებს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ამისთვის სამუშაოა ჩასატარებელი.

ვიცით, რომ არსებობს რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დაკმაყოფილდეს ის სტანდარტი სასამართლო სისტემის რეფორმასთან, რაც გაწერილია 12 რეკომენდაციაში და ერთ-ერთი საკითხი გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ამ რეფორმაზე საუბარია ვენეციის კომისიის ბოლო 4 მოხსენებაში და ასევე იმ ანგარიშში, რომელიც წარმოდგენილია ბოლო თვეს, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით", - თქვა დეგნანმა. 


close დახურვა